ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს. 2006-დან 2011 წლამდე მის შემადგენლობაში შევიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს – მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.

სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევრებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის – უნივერსიტეტის – საერთო მიზნებს და ამოცანებს.


პროექტის თანამშრომლები

პროფ. მარიკა კაპანაძე – პროექტ ChainReaction-ის კოორდინატორი საქართველოში, არის ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელი ილიას უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესებია – ფიზიკის და ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების შესწავლა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი პირობების და ფიზიკის/ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა. პარალელურად მარიკა კაპანაძე ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეორე პროექტს PROFILES. ის იყო ტემპუსის პროექტ SALiS (სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში) – ის კოორდინატორი, რომელიც წარმატებით დაინერგა საქართველოში და ევროპის სხვა ქვეყნებში 2010-2012 წლებში. მისი სასწავლო კურსები უნივერსიტეტში ეხება კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას, ბუნებისმეტყველების სწავლების აქტიურ მეთოდებს, მათი დანრეგვის და განვითარების ხელშეწყობას სასწავლო გარემოში. მარიკა კაპანაძე არის ეროვნული სასწავლო გეგმის ავტორი ფიზიკაში და ბუნებისმეტყველებაში, მუშაობს პედაგოგთა დამხმარე მასალების შექმნასა და განვითარებაზე. არის მრავალი მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი. ის რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ფიზიკის და ბუნებისმეტყველების სწავლების შესახებ, აქვს გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშირისო ჟურნალებში.

ეკატერინე სლოვინსკი – პროექტ Chain Reaction-ის მკვლევარი, არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სამეცნიერო ინტერესია ბუნებისმეტყველების კურიკულუმის განვითარება, ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების და სასწავლო რესურსების შესწავლა. ამავდროულად, არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PROFILES-ის მონაწილე. ეკატერინე სლოვინსკი ამჟამად მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების და დანერგვის მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მასწავლებელისათვის მეთოდური სახელძღვანელოებისა და საგანმანათლებლო რესურსების მომზადებაში.

ეკატერინე მიქაუტაძე – პროექტის ასისტენტი. არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი ბიოქიმიის და ნეირობიოლოგიის მიმართულებით. 2012 წელს მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. როგორც პროექტის კოორდინატორის ასისტენტი მონაწილეობდა ტემპუსის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე SALiS (სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში) პროექტში, რომელიც წარმატებით განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2012 წლებში. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.

ნინო ბლუაშვილი – პროექტის ასისტენტი. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძირითადი სპეციალობით – დაწყებითი განათლება (ინგლისური ენის დიდაქტიკა), მეორე სპეციალობა – ინგლისური ენა და ლიტერატურა. 2013 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიმართულებით – ზოგადსაგანამანთლებლო, საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი(ინგლისური ენა). არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი ზოგად პროფესიულ უნარებში.

პროექტში მონაწილე ქართული სკოლები 2013 -2014 სასწ. წელი

პროექტში მონაწილე ქართული სკოლები 2014 – 2015 სასწ. წელი

პროექტში მონაწილე ქართული სკოლები 2015 – 2016 სასწ. წელი