ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2013 წელს დაარსდა. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიატიულად აზროვნების უნარი. 2013-2014 სასწავლო წელს ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსში. მათგან აღსანიშნავია კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის საერთაშორისო კონკურსი (Quarry Life Award). კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილ 5 საუკეთესო პროექტს შორის ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეთა გუნდი ღირსეულ ადგილს იკავებს სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდით და იბრძვის საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსში გამარჯვებისთვის. ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში: „ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი“, „ედისონის ლიგა“, „ლაუაზიეს წრე“ წარმატებული მონაწილეობისათვის მათ გადაეცათ სერტიფიკატები და სასწავლო ვაუჩერები.
შორენა სამაკაშვილი – ახალგაზრდა მეცნიერი, ქიმიის დოქტორი, პედაგოგი. საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია (მათ შორის, 6 სამეცნიერო პუბლიკაცია დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ ე.წ. იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში). ამასთანავე, იგი არის 3 წიგნის თანაავტორი (გამომცემლობა: Nova Science Publishers, Inc., US). მისი წარმატებული სამეცნიერო საქმიანობა რამდენჯერმე აღინიშნა ახალგაზრდა მეცნიერთა სამივლინებო გრანტით, სამოგზაურო გრანტებით, ახალგაზრდა მეცნიერთა პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტითა და DAAD-ის სტიპენდიით. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას ეწეოდა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებაში, როგორიცაა, ქიმიური მეთოდოლოგიის ინსტიტუტი (IMC, CNR, რომი, იტალია); ინდუსტრიული ფერმენტაციის ინსტიტუტი (CSIC, მადრიდი, ესპანეთი); საკვები პროდუქტების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (CIAL, მადრიდი, ესპანეთი); იენას უნივერსიტეტი (იენა, გერმანია). 2006 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის დეპარტამენტის თანამშრომელი – მკვლევარი, აქვე კითხულობდა ლექციებს მოწვეული პროფესორის სტატუსით. 2010-2011 წლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა სასწავლო უნივერსიტეტ „ინტერფარმში“ და კითხულობდა ლექციების კურსს ანალიზურ ქიმიაში. 2012 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB World School) ქიმიის მასწავლებლად. შორენა სამაკაშვილი ნიუტონის თავისუფალი სკოლის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელი და ქიმიის პედაგოგია.
ირაკლი კორძახია – დაიბადა თბილისში პედაგოგთა ოჯახში. დაამთავრა თბილისის 132-ე საშუალო სკოლა (1982წ.) და თსუ ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით თეორიული ფიზიკა (1988წ.). უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს კვლევით ინსტიტუტში „ოპტიკა“ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. არის სერტიფიცირებული პედაგოგი (2011წ). 2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ფიზიკის პედაგოგად; იგი არის 13 პატენტისა და 30 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 10 საერთაშორისო პროექტში (INTAS, ISTC, CRDF, STCU, GRDF, MacArtur Foundation) და 5 საერთაშორისო კონფერენციაში. დაცული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2006წ). გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ბიზნესის დაგეგმვის (ISTC, 1999წ.) ბიზნესისა და ადმინისტრირების (მოსკოვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ღია უნივერსიტეტი, 2007წ.) კურსები. მისი სამეცნიერო ინტერესებია: გამოყენებითი ოპტიკა, არაწრფივი დინამიკური სისტემები, ფრაქტალური ანალიზი, ტურბულენტური დინებები, განახლებადი ენერგიის წყაროები. მისი ზოგადი ინტერესის სფეროებია: კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, სოფლის მეურნეობა, მხატვრული ლიტერატურა, კინო, მუსიკა, სპორტი. ირაკლი კორძახია ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფიზიკის პედაგოგია.