მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია 2015
ა.წ. 14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში. კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა იღებდა მონაწილეობას:
- აკად. ილია ვეკუასსახელობის 42–ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი)
- ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი)
- სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს (თბილისი)
- პირველი საჯარო სკოლა (ბოლნისი),
- 33-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი)
კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კვლევით პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. მოსწავლეებმა კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“, „მწვანე გათბობა“, „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“, „მწვანე ტურბინა“ და „გამოვკვებოთ მსოფლიო“ განხორციელებისას მიღებული შედეგები გააცნეს აუდიტორიას, იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ ამ მიმართულებით. სასესიო მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომელიც სტენდური მოხსენებების დროს გაგრძელდა.
წარმოდგენილ კვლევით პროექტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების სპეციალისტების და მასწავლებლებისგან შედგებოდა.
ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 42-ე სკოლის ორ პროექტს – “მწვანე გათბობა” და “მწვანე ტურბინა” მიენიჭა გრან პრი და პროექტის გუნდმა საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ა.წ. მაისში ჰაიდელბერგში (გერმანია) გაიმართება.
წელს ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები ასე განაწილდა:
- საუკეთესო პროექტი – “თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება”, სერვანტესის სკოლა;
- საუკეთესო სარეკლამო რგოლები – ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა;
- საუკეთესო პრაქტიკული იდეა – ნიუტონის თავისუფალი სკოლა;
- საუკეთესო მოდელები – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა;
იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი
იხილეთ პრეზენტაციები