პროექტი Chain Reaction დაფინანსებულია ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, –კოორდინატორია შეფელდის უნივერსიტეტი, ინგლისი. კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული. ეს უნივერსიტეტებია:

შეფელდ ჰალამის უნივერსიტეტი, ინგლისი – კოორდინატორი

  • ნეაპოლის უნივერსიტეტი, იტალია
  • მათეი ბელ უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
  • TED უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი
  • პლოვდივის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
  • საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრანგეთი
  • ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
  • ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია
  • კრეტის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
  • ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
  • იორდანიის სამეცნიერო კვლევის საზოგადოება, იორდანია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
    პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას და აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს როგორც მოსწავლის მიერ მეცნიერების შემეცნება, ისე მისი მონაწილეობა და ჩართვა მეცნიერებაში და საკლასო აქტივობებში. გარდა ამისა, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა ვისწავლოთ, თუ რა მახასიათებლები აქვს კვლევას და ზოგადად, მეცნიერულ ცოდნას. თუ მასწავლებელს მეცნიერული კვლევის მწირი გამოცდილება აქვს და ფლობს ბუნებისმეტყველების მარტივ კონცეფციებს, ეს ქმნის ბარიერს სასწავლო პროცესში. ასევე იზღუდება მასწავლებელის შესაძლებლობა, დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილები, რომლებიც გაზრდის მოსწავლეების მეცნიერულ ცოდნას არსებული ცოდნის საფუძველზე.

სასწავლო პროცესი უნდა მოიცავდეს კვლევით ნაწილს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიგონ, თუ როგორ მუშაობენ მეცნიერები. მაგალითად, მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მეცნიერები სვამენ კითხვებს, ატარებენ განსხვავებული ტიპის კვლევებს და თავიანთ დაკვირვებებზე დაყრდნობით, აკეთებენ ახსნა-განმარტებებს. მეცნიერების ამ კუთხით აღქმა, წარმოადგენს მეცნიერული კვლევის ფილისოფიურ ბუნებას. საკლასო კვლევა მოსწავლისგან მოითხოვს მეცნიერული კვლევის ჩატარებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, რაც გულისხმობს კითხვების დასმას, ექსპერიმენტების დაგეგმვასა და განხორცილებას, მონაცემების შეგროვებას და დასკვნების გამოტანას მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას მთავარი მეცნიერული პრინციპებისა და კონცეპტების შესწავლის საშუალებას წარმოადგენს საკლასო კვლევა.

მეცნიერული კვლევის სწავლება გულისხმობს მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა ჩართვას პრაქტიკულ მეცნიერებაში. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებსა და პროცესებს, რომლებსაც მეცნიერები ატარებენ საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დასკვნების გამოსატანად და მოდელების შესამუშავებლად. ამისათვის ისინი იყენებენ დაკვირვებებს და ამ დაკვირვებებისგან მიღებულ ფაქტებს.

პროექტი 3 წლიანია, დაიწყო 2013 წლის 1 ივნისს და შესაბამისად გრძელდება 2016 წლის 1 ივნისამდე. პროექტი მოიცავს 9 სამუშაო პაკეტს და მისი აქტივობები შესაბამისადაა გადანაწილებული ამ სამი წლის მანძილზე.

პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია ყოველწლიურად 5 სკოლის 10 საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგის გადამზადება შესაბამისი ტრენინგებით, რომლებიც უკვე მომზადებულ 11 მოდულს დანერგავენ თავიან სკოლებში. მოდულების შერჩევა ხდება სურვილისამებრ. თითოეული ქვეყანა ირჩევს 2-3 მოდულს ყოველწლიურად. პროექტში მონაწილე მასწავლებლები პროექტის მასალებს გააცნობენ სხვა პედაგოგებსაც და მათთან ერთად იმუშავებენ.